მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე, ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ რეალური შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები დაინახოს, მნიშნელოვანია სწორად გააანალიზოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საკუთარი როლი და ადგილი ამ პროცესებში.

„ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდება ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს შორის, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან – პირიქით. ამ ახალი ურთიერთობების განმსაზღვრელი არის სრული პრაგმატიზმი – ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც არც ერთი იდეოლოგია აღარ ნიღბავს. მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება. დღევანდელი ევროკავშირი ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო – როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსთვის უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. მისივე განცხადებით, დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს. სალომე ზურაბიშვილმა თავის მოხსენებაში იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიაღწია. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას.

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება. უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან არ გასულა 30 წელი და უკვე ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი. როცა რეფერენდუმის შედეგებსა და სამფეროვანი დროშის აღმართვას ვზეიმობდით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ, ისტორიისთვის ამ მოკლე პერიოდში, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობას მიაღწევდა და გახდებოდა ნატოსათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დაფასებული პარტნიორი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდებოდა ისეთი მასშტაბის ნატოს წვრთნები, როგორიც უკვე ყოველწლიურად იმართება, და ისეთი მნიშვნელობისა, როგორიც წელს იგეგმება. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებდა არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, არამედ ამ მისიებში სამხედრო პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეული გახდებოდა. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. 30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც, ბუნებრივია, მოლოდინიც მეტია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში სასამართლო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სასამართლო რეფორმის კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა, თუმცა მისივე შეფასებით, მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.

„მინდა შევეხო სასამართლო რეფორმის პროცესს. ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. ზოგი სამართლიანი და ზოგიც – პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთ – თუ არა ერთადერთ – ობიექტურ კრიტერიუმს. ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დახვეწილ სასამართლო სისტემას. ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარზე და მის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია.

„მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია. ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს. ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით – როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას – ძალადობას ქალთა მიმართ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები.

„საქართველოში ყველას ყოველთვის ჰქონდა აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოუყენებელი პოტენციალი აქვს.

„თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე. ევროკავშირსა და ნატოში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა ასეთი საკითხებია. გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ. თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.

„აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს – პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ – კეთილდღეობისკენ, გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, თუ რუსეთის მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია.

„ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას, მოითხოვს დეესკალაციას, მოითხოვს დეოკუპაციას. ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მითუმეტეს – გარიგებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება – დაძლიოს პოლარიზაცია.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა. თუნდაც, მწვავე ოპონირება ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს – საარჩევნო პერიოდში. თუმცა, ჩვენს პირობებში, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20 %-ი კი ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია. ამიტომ, დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი. ამიტომ, სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება – მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს: არც – პოლიტიკურს, არც – ეკონომიკურს, არც – სამართლებრივს. ასეთი ბრალდება ერის წარსულისა და მისი ერთსულოვანი არჩევანის შეურაცხყოფაა. პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს. მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული. ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება – დაძლიოს პოლარიზაცია. მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია ამ გზის ბოლომდე გავლა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა საარჩევნო სამზადისზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა.

„ძალაშია ჩემი წინადადება საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ, რათა არ შეწყდეს დიალოგი. კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში.

„ამ მიზნით საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, – რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია. ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული კორექტული თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას.

„ჩემი მოვალეობაა, მაქსიმალურად ვეცადო, ამ დაპირისპირებამ არ დააზიანოს საქართველოს ინტერესები გარეთ და საფრთხე არ შეუქმნას სტაბილურობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს და რეგლამენტის შესაბამისად, სიტყვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს გადასცა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო პროცედურა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული, საპარლამენტო რესპუბლიკის საბოლოოდ, მყარად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„არც თუ ისე დიდი ხნის ჩვენ გვქონდა წინ სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტის განუზომელი უფლებამოსილებით. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რათა მიგვეღო საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს ექნებოდა იმგვარი უფლებამოსილება, რომელიც უზრუნველყოფდა მის მთავარ ფუნქციებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, როგორც მესამე თაობის პოლიტიკურ ემიგრანტს, შვილებისთვის ქართული ენის შენარჩუნებისთვის და განაცხადა, რომ ამ ფაქტს პირადად მისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და პრეზიდენტის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგზე. უმრავლესობის ლიდერის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იქნება და პრეზიდენტის მიერ გამოთქმული იმედი გამართლდება. მამუკა მდინარაძე შეეხო სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაში ხაზგასმულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც.

„საქართველო ერთდროულად არის გმირობის მაგალითების და ასევე, პარადოქსების ქვეყანაც. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია. გეთანხმებით, რომ ქართველი არასდროს შეეგუება, რომ საქართველო არ იყოს ერთიანი, არასდროს შეეგუება, ოკუპანტებს ქმედებებს, რომელსაც ყოველდღე ახორციელებენ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან ჩვენი მოქალაქეების უფლებები საშინლად ირღვევა. ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, და საქართველო იქნება ერთიანი და იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და ასევე გეთანხმებით, რომ ეს უნდა მოხდეს ჩვენი ტრადიციული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის აბსოლუტური შენარჩუნების ფონზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს დაივიწყებს თავის წარსულს, თავის ისტორიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის როლსა და განათლების მნიშვნელობაზე.

„თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელშიც კარგად აქვთ გათვალისწინებული გათვითცნობიერებული ახალგაზრდობის როლი და სწორედ ამიტომ, ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – აღნიშნა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროგრესი უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, ქვეყნის საქმე ყველამ ერთად აკეთოს. „ჩვენ გვაქვს თამამი საფუძველი ვთქვათ, რომ საქართველო ვითარდება, აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. თითოეული ჩვენგანის როლი ამაში განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური ტენდენციები მოდის სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან თუ პოლიტიკოსებიდან, რაც ხშირ შემთხვევაში, ტყუილზეა აგებული, ეს ბრძოლაში უფრო კარგად გამოგვაწრთობს და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი კიდევ უფრო შესამჩნევი და ხელშესახები იქნება. დიდი მადლობა მოხსენებისთვის, სადაც თქვენ ყველა თემას შეეხეთ და იმისთვის რომ შეეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარს – დეოკუპაციას და ქვეყნის კურსს, რა საკითხიც საქართველოში ჩვენი ამ დამოკიდებულებების გამო არასდროს გადაიხედება“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს.

შემაჯამებელ სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს და დამსწრეებს. საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დიასპორას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და ქვეყნისთვის კულტურის სფეროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Visited 102 times, 1 visit(s) today