ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურორტ ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა, საქმიანობის პირველი ეტაპის ფარგლებში, წინასაპროექტო კვლევისა და დამუშავებული გეგმარებითი დავალების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ეტაპი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან იქნა შეთანხმებული. მას შემდეგ, რაც დაგეგმარებით დავალებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს, შემმუშავებელი ჯგუფი უკვე კურორტ ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესს დაიწყებს.