მიხეილ ჯანელიძე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა 


10/03/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს.
მინისტრმა აღნიშნა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალ გეგმებზე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში, საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლები.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 539/2001 რეგულაციის ცვლილება 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა, რითაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.
შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიწოდეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოგა ტაბატაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0