ლიტვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორს დანიელ ფრიდთან.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე გააგრძელებს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. თავის მხრივ, დანიელ ფრიდმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში და ქვეყნის განვითარების გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას და რუსეთის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ და უარყოფითად აისახება რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა ვაშინგტონში საქართველოს ახალი ელჩის დავით ბაქრაძის ძალისხმევა ხელი შეუწყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.