მიხეილ ჯანელიძის საჯარო ლექცია უნგრეთის უნივერსიტეტში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტი კორვინუსის უნივერსიტეტში სტუმრობით დაასრულა. მინისტრმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საჯარო გამოსვლისას თემაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგია და ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმები.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის გაცხადებული არჩევანი და საქართველო ბევრს აკეთებს ევროპის ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
„ჩვენ ვახორციელებთ ყველა შესაბამის რეფორმას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ინსტიტუციების გაძლიერებას და მეტ რეფორმას ევროკავშირის ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის პირველი შედეგები სახეზეა, რაც ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდილი მაჩვენებლით გამოიხატა.
კორვინუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას.
„ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის. ეს მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული კავშირების, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციისთვის, რათა მათ მოიძიონ პარტნიორები, მოიზიდონ ინვესტიციები. უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულფასოვან გამოყენებას“-განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც აღიარებული იქნა ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ , ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა ევროპარლამენტს.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, რეფორმებზე რომელიც ინსტიტუციების გაძლიერებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. მან ასევე აღნიშნა საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ „საქართველო გრძნობს პასუხისმგებლობას მომავალშიც განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა“.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო ისტორიულად მდებარეობს აბრეშუმის გზის სარტყელზე, რაც ქვეყანას სძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი, მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქციას.
მისი თმით, საქართველოს მთავრობა ბევრს აკეთებს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის. ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობას.
„საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ლიბერალური ეკონომიკის თვალსაზრისით. საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენ მივყვებით ლიბერალური ეკონომიკის კურსს და გვჯერა, რომ საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს გლობალურ ბაზარზე და იქნება ერთგვარი ხიდი ევროპისა და აღმოსავლეთის ბიზნეს წარმოების თვალსაზრისით“-განაცხადა ჯანელიძემ.
მან, ასევე მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებული ძალისხმევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 29-30 მარტს იმყოფებოდა, რა დროსაც შეხვედრები გამართა უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

Visited 150 times, 1 visit(s) today