მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეის 24-ე სესიაზე 2021-2025 წლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს. კენჭისყრისას მას ასამბლეის წევრმა 85-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზურაბ პოლოლიკაშვილს და მთლიანად საქართველოს მიულოცა ეს წარმატება.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ საქართველოს ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასამბლეაზე საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის. ამავე ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია გაიმართება, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება. საქართველოდან სესიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული.

Visited 34 times, 1 visit(s) today