7 წლიანი პაუზის შემდეგ, მცხეთის ისტორიული ძეგლები კვლავ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაშია.
„ბოლო წლების ინტენსიური, უპრეცედენტო ძალისხმევის, რამდენიმე სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მიზანმიმართული და თანმიმდევრული მუშობის შედეგად, სულ რამდენმე წუთის წინ სტამბულში გამართულ მე-40 მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის
სესიაზე, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მცხეთის ისტორიული ძეგლების საფრთხის ქვეშ მყოფი ნუსხიდან ამოღებას და დაბრუნებას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითად ნუსხაში“ – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სვეტიცხოვლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.
ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2009 წელს იმდროინდელი მთავრობის მიერ გატარებული არათანმიმდევრული ქმედებების შედეგად, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ისტორიული ქალაქი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა შეიყვანა.
ბრიფინგს, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, პირელი მოადგილე კობა არაბული, თიანეთისა და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.