„ნაცმოძრაობამ” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებად დავით კირკიტაძე და მამუკა ჩიქოვანი წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებად დავით კირკიტაძე და მამუკა ჩიქოვანი წარადგინა.
რუსთავში იმყოფებოდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მამუკა ჩიქოვანი და დათო კირკიტაძე სწორედ ის კანდიდატები არიან, რომლებიც რუსთავში მოიტანენ დინამიკას, აღმშენებლობას, დასაქმებას, გაცილებით უკეთეს ვითარებას.

”ორივე მათგანი მებრძოლია იმისთვის, რომ რუსთაველების ინტერესები დაიცვან იმ დიდ გუნდთან ერთად, რომელიც მათ უკან არის”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

თავის მხრივ, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა მთავარ პრობლემად დასაქმება დაასახელა და აღნიშნა, რომ პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამები, თუ როგორ უნდა მოაგვაროს ეს.

”ძალიან ბევრი პრობლემა აქვს რუსთავს, განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ისინი უფრო მომრავლდა. ყველაზე მთავარია პრობლემაა ის, რომ რუსთავი დღითიდღე თავის ფუნქციას კარგავს. რუსთავი ხდება უმუშევართა ქალაქი. ეს დროულად არის შესაჩერებელი. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენ ახალი ენერგიით და წარსულის გამოცდილებით, გვაქვს კონკრეტული პროგრამები. 8 ოქტომბრიდან დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

დავით კირკიტაძემ დასაქმებასთან ერთად, ერთ-ერთ პრობლემად ბინების არქონა დაასახელა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავში სოციალური სახლები აშენდება.

”ჩვენ ზუსტად ვიცით რა სჭირდებათ რუსთავს და რუსთაველებს. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. დღეს რუსთავში, ისე როგორც მთელ საქართველოში, მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. დღეს არაერთ რუსთაველ ოჯახს ბინების არქონის პრობლემა აწუხებს. ჩვენ რუსთავში ავაშენებთ სოციალურ სახლებს, რომ მათ საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვებით თითოეული რუსთაველი გაიმარჯვებს”, – განაცხადა კირკიტაძემ.

Visited 318 times, 1 visit(s) today