ნიქოზის ამბულატორიას სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორიას იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა” ფარგლებში სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. პროექტი ორგანიზაციამ ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ განახორციელა. სამედიცინო აღჭურვილობის ღირებულება 64,643 დოლარს შეადგენს, რომელიც ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა და ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ნიქოზში. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია ,,ქართლოსს“ და იაპონიის საელჩოს წარმატებული პროექტისთვის. ამიერიდან ნიქოზის ამბულატორია დამატებით სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკით იქნება აღჭურვილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. მათ ადგილზევე შეეძლებათ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება. ნიქოზი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას არასამთავრობო და საერთაშორისო პარტნიორებთან.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პანდემიის პირობებში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ სოფლის ამბულატორიები ყველა საჭირო ტექნიკით იყვნენ უზრუნველყოფილნი და გამართულად ფუნქციონირებდნენ.
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა.

Visited 84 times, 1 visit(s) today