ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე, თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო თარიღი, რომელიც ოზურგეთის თეატრმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა, დაესწრნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე „თაღებში“ მოეწყო საიუბილეო წიგნი – ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია; გაიმართა კინოსა და თეატრის ვარსკვლავის ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების ცერემონია; თეატრის თაღებში გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი.
მოგვიანებით კი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „მონატრება“, რომელშიც მონაწილეობა თეატრის ყველა მსახიობმა მიიღო. შედგა ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიებით თეატრის მსახიობების დააჯილდოების ცერემონია.
წელს, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთის თეატრის იუბილეს ეძღვნება. ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავაა, რომლის სახელსაც ოზურგეთის თეატრი ატარებს.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ, თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

Visited 302 times, 1 visit(s) today