ოზურგეთში სახალხო დღესასწაული „ასკანობა“ აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაული “ასკანობა 2019 “ აღინიშნა. სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.
ტრადიციად ქცეული დღესასწაული სოფელ ასკანაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, მკლავჭიდში, ფრენბურთში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: “გურია”, “ზენაარი”, “შვიდკაცა”, “რეხეული”, “შემოქმედი”,კვარტეტ “ჰარმონიას” და მომღერალ რეზიკო ხომერიკის კონცერტი.

სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ. დასახელდა სოფლის საპატიო მაცხოვრებელი. სოფლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საპატიო ასკანელის წოდება მომღერალ ლევან ნინიძეს მიენიჭა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოში ასკანის მაჟორიტარი წევრია.
დღესასწაულს რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე, ოზურგეთის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ასევე, ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

Visited 180 times, 1 visit(s) today