ოზურგეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა.
სოფლებში: ნატანები, სილაური, შრომა, ძიმითი ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
შეკვეთილში გაზსადენ მილს ხე დაეცა, რის გამოც გაზმომარაგება დროებით შეწყდა. ამ დროისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.
სოფელ სილაურში 2 სახლს ქარმა სახურავი გადახადა.დაზიანდა ელექტრო სადენი, რის შედეგადაც მოსახლეობას შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება, ადგილზე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვისცენტრმა“ იმუშავა. ელექტრომომარაგება აღდგენილია.
ადგილობრივების განცხადებით ქარმა და წვიმამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თხილის მოსავალი.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სოფელ ძიმითშიც. დაზიანებულია 5 სახლის სახურავი ქვედა ძიმითში, ფაფასკურას უბანში, ზედა ძიმითსა და თირის უბანში.
მუნიციპალიტეტის მერიაში შეტყობინება შრომიდანაც შემოვიდა. შრომაში მერის წარმომადგენლის, კონსტანტინე ხომერიკის განცხადებით შრომის სხვადასხვა უბანში 4 სახლის სახურავია დაზიანებული.
მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სწავლობს. ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.

Visited 188 times, 1 visit(s) today