გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება ევროკავშირთან დაახლოების პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას უკავშირდება. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანობა და, ამავე დროს, დავეხმაროთ ბიზნესსექტორს, დააკმაყოფილოს ახალი მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს, ასევე ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე წლის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის პრიორიტეტული მიმართულებების, სამსახურის საჭიროებებისა და რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სურსათის უვნებლობის კონტროლის თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად, 2023 წელს, სურსათში გამოვლენილი დარღვევების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია; გამოწვევად რჩება რეგიონებში სასმელი წყლის ხარისხი; მოსახლეობის არასათანადო ცოდნა აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ეფექტიანი მოხმარებისთვის; ცხოველთა მეპატრონეების არასაკმარისი ჩართულობა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამასა და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მადლობა გადაუხადა რეგიონულ სამსახურებს გაწეული შრომისათვის. სააგენტოს უფროსის განცხადებით, 2024 წელს სააგენტო გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ბიზნესსექტორთან ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გაცნობის მიზნით. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და რეგიონებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლზე; მცენარეთა დაცვის მიმართულებით, გასული წლის მსგავსად, პრიორიტეტული იქნება აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი; აქტიურად გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებთან სასოფლო-სამეურნეო მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ; ვეტერინარიის მიმართულებით კი განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საშიში ინფექციური დაავადებების კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასა და ცხოველთა ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები – გიორგი იაკობაშვილი, მუხრან შამათავა და თბილისისა და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მინისტრი ეტაპობრივად გამართავს.