პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება – საპარლამენტო უმრავლესობას საბოლოო გადაწყვეტილება მის მიერ წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია. ამასთან, არ არის გამორიცხული და შესაძლოა პარლამენტში ერთგვარ გაუგებრობად იქცეს ნდობის ჯგუფში იმ კვოტის დაკავების საკითხი, სადაც ერთი წევრის წარდგენის უფლება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს აქვთ.
კანონის გათვალისწინებით, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრით კომპლექტდება, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტართა მხარდაჭერით წარდგენილი დეპუტატი, ერთი – უმცირესობის წევრი, ერთი კი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ერთ ადგილზე პარლამენტის ნდობის ჯგუფში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს“ და ასევე, ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც “საქართველოს პატრიოტების“ ანალოგიურად, არც უმრავლესობაშია და არც უმცირესობაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მხოლოდ შვიდი დეპუტატი იყვნენ: 6-კაციანი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრები და მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი. ნდობის ჯგუფში საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“ გამოიყენა და დეკემბრის ბოლოს, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი მეტი დეპუტატის მხარდაჭერით, საკუთარი რიგებიდან ირმა ინაშვილი წარადგინა. ამის შემდეგ უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა, რომელიც ასევე 6-დეპუტატისაგან შედგება და ნდობის ჯგუფში აღნიშნულ ერთ ადგილზე წევრის დასახელების უფლება მასაც აქვს.

როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, თუკი უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატები ერთ კონკრეტულ კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, პარლამენტის ნდობის ჯგუფში მეხუთე წევრი არ იქნება.

“კანონი ჩვენ გვეუბნება, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფში მეხუთე სუბიექტის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა უმეტესობას – უმრავლობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილთაგან რომელ დეპუტატსაც უფრო მეტის მხარდაჭერა ექნება, პარლამენტის ნდობის ჯგუფში ის განწესდება. ახლა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ პარლამენტის 13 წევრია: – ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ 6-წევრი, “ნაციონალური მოძრაობის“ 6-წევრი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. თუკი ისინი მოახერხებენ და წარადგენენ კანდიდატურას, რომელსაც მათ შორის მეტი რაოდენობით მხარდაჭერა ექნება, ასეთ შემთხვევაში, ეს პიროვნება ნდობის ჯგუფში განწესდება. თუ ამას ვერ შესძლებენ, ნდობის ჯგუფს მეხუთე წევრი არ ეყოლება. თუკი კანდიდატურას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაც“ დააყენებს და ამ შემთხვევაში ხმები ექვსი-ექვსზე გაიყოფა, თეორიურად გადამწვეტი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იქნება, მაგრამ თუკი ზურაბიშვილი მხარს არც ერთს არ დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ამ სუბიექტს ნდობის ჯგუფში საკუთარი წარმომადგენელი არ ეყოლება“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება.
საპარლამენტო უმცირესობამ საკუთარი კვოტით პარლამენტის ნდობის ჯგუფში ირაკლი აბესაძე დაასახელა. “ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, თუ ვინ იქნება წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატებისა და უმრავლესობის კვოტით. არაოფიციალური ინფორმაციით, მაჟორიტარებიდან – არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა, ხოლო უმრავლესობის კვოტით გია ბენაშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელსაც უშიშროების სამსახურებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

Visited 138 times, 1 visit(s) today