პარლამენტის ბიურომ 2 – 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. საქართველოს პარლამენტი, 4 აპრილს, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს. 5 აპრილს კი, პლენარულ სხდომაზე, დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონის პროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი.
პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია კანონპროექტის „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განხილვა.
კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.
ბიურომ განსახილველ საკითხებს დაამატა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“.
დადგენილების პროექტის შესაბამისად, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით იქმნება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 16 წევრით.
2 – 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 140-მდე განსახილველი საკითხია შეტანილი.
მიმდინარე სასესიო კვირის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 2 აპრილს, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს
Visited 70 times, 1 visit(s) today