პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 76 ხმით მხარი დაუჭირა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის მაძიებელი ბიზნეს ოპერატორებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გამარტივებას და ამ სფეროში უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგებას. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ბიზნეს ოპერატორები გათავისუფლდებიან ისეთი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებებისგან, რომელთა მოპოვება არსებული პრაქტიკით შეუძლებელია ან დაკავშირებულია დიდ ძალისხმევასა და ფინანსებთან. კერძოდ, ნებართვის მაძიებლები გათავისუფლდებიან სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
ცვლილებების განხორციელება არ გამოიწვევს იარაღის ბრუნვის კონტროლის შესუსტებას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირებს, რომლებიც ამ სფეროში ახორციელებენ ვაჭრობას, მოეთხოვებათ იარაღთან მოპყრობის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენა.

„გარდა ამისა, ცვლილება ემსახურება სალიცენზიო საქმიანობის უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას. შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი და მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება, როგორც სამოქალაქო ასევე, სამხედრო იარაღის შეკეთებისთვის, დამზადებისთვის, ასევე მათი ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმები“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

Visited 17 times, 1 visit(s) today