პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის პლენარულ სხდომას, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში არჩილ თალაკვაძე გაუძღვა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისა და ნდობისათვის.

„როგორც გითხარით, თქვენთან ერთად ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ პარლამენტმა საქმიან, მშვიდ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. კიდევ ერთხელ, ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგას, ირაკლი კობახიძეს, რომელიც აქ არის, ესწრება სხდომას, გაწეული საქმიანობისთვის და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ასევე გისურვოთ წარმატებები. მოხარული ვარ, რომ პირველი სამუშაო საკითხი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან, თქვენთან ერთად, მექნება განსახილველი და დღეს დავიწყებთ ამაზე მუშაობას და მივიყვანთ ამ მნიშვნელოვან საკითხს ბოლომდე, ეს არის ის, რომ მივიღოთ და საბოლოოდ დავამტკიცოთ კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ. ეს არის ეროვნული საქმე და ეროვნული მნიშვნელობის საკანონმდებლო პაკეტი“, – მიმართა კოლეგებს არჩილ თალაკვაძემ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საკანონმდებლო პაკეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით საბოლოო – მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა პარლამენტს და კოლეგებს რედაქციული ხასიათის შენიშვნები გააცნო, რომლებიც წინა მოსმენაზე გამოითქვა.
კენჭისყრის წინ, ადა მარშანიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სახელით, ოთარ დანელიას კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გასწორდა კანონპროექტი.
თუმცა, მან აქვე შეახსენა საზოგადოებას, რომ ფრაქცია საერთოდ წინააღმდეგია სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებისა ყველა უცხო მოქალაქეზე, რაც ფრაქციის ურყევი პოზიციაა, მაგრამ თუ გარკვეული დათქმა გაკეთდება, ფრაქცია მხარს დაუჭერს.

„ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და კიდევ ერთხელ მსურს საჯაროდ დავაფიქსირო, რომ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება ის ფორმულა, რომელზეც ვიმსჯელეთ, რომელიც იქნება მიწის საბაზრო ღირებულების რამდენჯერმე ოდენობით მეტი ინვესტიციის განხორციელება, ადგილობრივების დასაქმება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გადამუშავების ღირებულებათა სრული ციკლის და ჯაჭვის დაცვა. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, თუმცა ეს არის მინიმალური მოთხოვნები“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

საბოლოოდ, ორგანული კანონის პროექტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მხარი 106-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტში შემავალ დანარჩენ კანონპროექტებსაც. პარლამენტმა დღესვე საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა: კანონპროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა;
კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, წარადგინა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ;
კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევი კანონპროექტებითურთ, წარადგინა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე, განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ადა მარშანიამ წარადგინა.

ადა მარშანიას განცხადებით, კანონპროექტი დევნილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო დევნილის შემწეობის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული ვადის ცვლილებას ეხება.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დევნილს შემწეობა შეუწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი 3 თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ვადა დღეს მოქმედი კანონის თანახმად არის 2 თვე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონპროექტს დევნილი მოსახლეობისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მან ასევე მოუწოდა ფინანსთა სამინისტროს, რომ რაც შეიძლება დროულად წარმოადგინოს კანონპროექტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა. ამით, პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.

Visited 83 times, 1 visit(s) today