პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა თბილისშიც დაიწყო

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა თბილისშიც დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი სამშობიარო სახლებში არსებულ სერვისებსა და პირობებს შეაფასებს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ კი დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული სამშობიარო სახლ „ჰერაში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ დაწესებულებაში არსებული სერვისები ადგილზე შეაფასა.
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულიოსხმობს.
ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში დაიწყო.
დაწესებულებები დონეებად შემდეგნაერად იყოფა:
I დონის დაწესებულება – უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა/მშობიარობის და ჯანმრთელი, დროული ახალშობილის მართვას.
II დონის დაწესებულება – უზრუნველყოფს მაღალი დონის სამეანო მოვლას როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულობასა და მშობიარობის შემთხვევაში.
III დონის დაწესებულება – უზრუნველყოფს მაღალსპეციალიზირებულ სამშობიარო მომსახურებას და აქვს რესურსი მართოს ორსულობისა და მშობიარობის მძიმე გართულებები, რომლებიც მოითხოვს კონპლექსურ მართვას. III დონის ნეონატოლოგიური დაწესებულება უზრუნველყოფს ინტენსიურ ნეონატალურ მოვლას მძიმე პათოლოგიების მქონე ახალშობილებისთვის.
რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით.

Visited 142 times, 1 visit(s) today