აბსოლუტურად ორივე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ პოლიტიკაში, რეალობაში, ბინძური წესით თამაში გრძელდება, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უკანონო ფარული მიყურადების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, უკანონო ფარული მიყურადების სისტემური დანაშაული ჩამოყალიბდა და ორგანიზებული იყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა სამწუხაროდ, ოპონენტების წინააღმდეგ მუშაობა ამ მეთოდებით მოქმედმა ხელისუფლებამაც გააგრძელა.
„სამწუხაროა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში, რომელშიც მეც ვიყავი და ერთად შევცვალეთ რეჟიმი, გააგრძელეს ამ მეთოდებით ოპონენტების წინააღმდეგ მუშაობა. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ორივე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ პოლიტიკაში, რეალობაში, ასეთი ბინძური ხერხით თამაში გრძელდება. ამას წერტილი უნდა დავუსვათ და საზოგადოება მაშინ შევდგებით, თუ მოვახერხებთ ისეთი პოლიტიკური ნების ხელისუფლების არჩევას, რომელიც ამას აღარ გააგრძელებს. ოქტომბერი ამით შანსს აძლევს ყველას“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.