პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის წლიური ანგარიში ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. თუმცა როგორც დოლიძემ აღნიშნა, უფრო კონკრეტულად ამ საკითხზე დღესდღეობით ვერ ისაუბრებს.
„პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციები არ დაგვიწყია. როგორც კი გვექნება ამასთან დაკავშირებით განვითარება, საზოგადოება ამას დროზე გაიგებს. ბუნებრივია, საკითხები ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება, დღეს ვერ გეტყვით“, – განაცხადა დოლიძემ.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს. ამ თემაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე გაიმართება კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.