პრეზიდენტი ე.წ. შეწყალების საქმეზე: ჩემი კომენტარი ამ პროცესს, ვფიქრობ, ნაკლებად ესაჭიროება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი კომენტარი აღნიშნულ საკითხზე საჭირო არ არის.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეს ეხებოდა.

„ამის შესახებ არაერთხელ გავაკეთე განცხადება და არ მგონია, რომ მეტ სიღრმეებში უნდა წავიდე ამ შემთხვევაში. მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის ფართოდ გაშუქებადი პროცესი და ჩემი კომენტარი ამ პროცესს, ვფიქრობ, ნაკლებად ესაჭიროება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ დაინტერესებული.

მისი თქმით, წელიწადნახევრის წინ, რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული.

პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

Visited 133 times, 1 visit(s) today