პრემიერის დავალებით, გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესასწავლად გურიისა და აჭარის რეგიონებში გაემგზავრება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესასწავლად, გურიისა და აჭარის რეგიონებში გაემგზავრება.

ამაშუკელის განცხადებით, უხვი ნალექის მიუხედავად, ქალაქებსა და სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის 10 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი თოვის შედეგად გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გურიისა და აჭარის რეგიონში. დღეს დილიდან, პრემიერის დავალებით, პირადად მივემართები აღნიშნულ რეგიონში, რათა ადგილზე გავეცნო გაწმენდით სამუშაოებს და ადგილზე შევისწავლო არსებული ვითარება.

ამ დროისათვის, დაზიანებების შედეგად 10 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თუმცა, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ახლაც გრძელდება აღდგენითი სამუშაოები და ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება აღნიშნული აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება“, – განაცხადა ამაშუკელმა.

ამასთან, ამაშუკელის თქმით, ამ ეტაპზე ზარალის ანაზღაურებაზე საუბარი ნაადრევია.

„ამ ეტაპზე პრიორიტეტულია გზების გაწმენდა, რათა მოხდეს მოსახლეობამდე მისვლა, ადგილზე დათვალიერება, თუ რა სახის ზიანია. ზიანის არსებობის შემთხვევაში მოქმედებს კონკრეტული წესი. კერძოდ, კომისიური წესით ხდება ადგილზე გასვლა, დათვალიერება, აღწერა და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე“, – განაცხადა ამაშუკელმა.

Visited 133 times, 1 visit(s) today