პრემიერის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო უერთდება გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას, – დოკუმენტს ქართული მხარე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეუერთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო. მთავრობის მეთაური დღეს დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თემაზე – „გაერო-ს რეფორმები“, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. საუბრისას, მათ ყურადღება გაამახვილეს გაერო-ს საქმიანობაზე და რეფორმებზე, რომლებიც ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე, შეხვედრას გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.

Visited 137 times, 1 visit(s) today