პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ. გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასშტაბური და ამბიციური პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეიდან დაიწყება და 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს. დღესვე გაიმართება ნატო-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია, რომელიც ამავე პროგრამის ფარგლებში ვაზიანის ბაზაზე აშენდა. შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოხატულებაა. მისივე თქმით, ქვეყნის რეფორმები და წინსვლა დაფუძნებულია ნატო-ს და ევროკავშირის მიერ აღიარებულ ფასეულობებზე, სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე.
ამერიკელმა გენერალმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით და დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ EUCOM-ი მზადაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე, განსაკუთრებით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ, თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს; ითქვა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს აქტიურ როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მზაობაზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს – როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი და აშშ-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Visited 153 times, 1 visit(s) today