პრემიერ-მინისტრი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ განიხილეს საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. აღინიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და USAID-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. გიორგი გახარიამ და ბონი კლიკმა ისაუბრეს USAID-ის სამომავლო პროგრამებზე, ყურადღება გამახვილდა 5 წლიან გეგმაზე, რომელიც როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებზე იქნება მორგებული.
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. მისი თქმით, ამერიკული მხარე ხედავს, თუ რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა ამ და სხვა მიმართულებებით. შეხვედრისას, აგრეთვე, საუბარი შეეხო USAID-ის პროგრამას – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში”. აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის განხორციელება, რომელიც ქალ მეწარმეთა და ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს.
USAID-ის მიერ YES-Georgia პროგრამის გაფართოება მეწარმე ქალთა ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. 2024 წლის დასაწყისისთვის, YES-Georgia უზრუნველყოფს 2500-ზე მეტი ქალისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს, იურიდიულ და საბუღალტრო სერვისებს, მენტორობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა, USAID-ის მიერ 840,000 აშშ დოლარით დაფინანსდება.
მთავრობის მეთაურმა ამერიკულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა USAID-ის ახალი პროგრამების მიმართ, რომელთაც დიდი როლი აქვთ საქართველოს სამთავრობო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ პარტნიორობას.
USAID-ის საქართველოში შემოსვლიდან დღემდე, წარმატებული პარტნიორობის პირობებში, ამერიკელმა ხალხმა ქვეყანას 1.8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

Visited 104 times, 1 visit(s) today