“რესპუბლიკელთა“ ნიშა, როგორც ასეთი, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი კითხვას იმის შესახებ, რამდენად შეირჩნენ “ქართული ოცნების“ ახალი სახეების იმ ნიშნითა და კრიტერიუმით, რომ მათ მმართველ გუნდში “რესპუბლიკელთა“ ადგილი დაიკავონ.
როგორც ამასთან დაკავშირებით ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის ღირებულება, რაც ცნობილია, როგორც ლიბერალური ღირებულება, მემარჯვენეებისთვისაც და მემარცხენეებისთვისაც საერთოა.
“ბევრი გიორგი კვირიკაშვილზეც ამბობდა, რომ ის თავისი ცნობიერებით არის ულტრამემარჯვენე, მაგრამ ძალიან გაწონასწორებული პოლიტიკოსია, რომელიც თავის პოლიტიკურ საქმიანობაში ეფექტურად იყენებს როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ღირებულებებს. ადამიანები იცვლებიან. მით უმეტეს, თანამედროვე პოლიტიკის დოქტრინა, მიუხედავად მიდგომების განსხვავებისა, რომ მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს პრობლემების გადაჭრის განსხვავებული ხედვა გააჩნიათ, ბევრ რამეში საერთოა – ეხება ეს ეკონომიკის ხასიათს თუ ისეთ აბსოლუტურ უფლებებს, როგორიცაა: გამოხატვის თავისუფლება, სოცოცხლის უფლება, სამეწარმეო საქმიანობის უფლება, შეკრების უფლება, გაერთიანების თავისუფლება და ასე შემდეგ. ჰგონიათ, რომ ეს არის ლიბერალური ღირებულებები, მაგრამ ეს არის უნივერსალური ღირებულებები, რომელსაც მემარჯვენეები და მემარცხენეებიც ეთნაირად აღიარებენ ანუ “რესპუბლიკური“ ნიშა არ არსებობს“, – აცხადებს ქუცნაშვილი.