„როგორც სამი კვირის წინ შეგპირდით, წარმოვადგინე მცირე მთავრობის კონცეფცია და რეფორმათა ის პაკეტი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ შემდეგი წლინახევრის განმავლობაში. პირველ რიგში მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ მხარი დაუჭირეთ მცირე მთავრობის კონცეფციას. მე მწამს, რომ სწორედ ახალი სტრუქტურით და ახალი მმართველობითი სისტემით შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე ყველა სხვა მიმართულებით. აქვე მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყოველი დღე, როგორც ეს იყო ამ სამი კვირის განმავლობაში, მომავალშიც მიმართული იქნება კონკრეტული პრობლემების და ამოცანების გადაჭრაზე,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში.
სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო თანამედროვე ეკონომიკური მოდელის შექმნის მნიშვნელობას და გასული სამი კვირის განმავლობაში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
„მე მინდა ყველას შეგახსენოთ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჩვენ საგადასახადო დავალიანება ჩამოვაწერეთ, დაახლოებით, 30 000 კომპანიას, რომელიც იძულებული იყო, გაეჩერებინა თავისი კომერციული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ მას საგადასახადო დავალიანება დაარიცხეს, მათ შორის, ძალიან არასამართლიანად 2011-2012 წლებში.
თქვენ იცით ჩემი შეხედულება, რომ არსებული ეკონომიკური მოდელი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანაში, ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში. სიღარიბე, სამწუხაროდ, ისევ რჩება ძირითად გამოწვევად და, აქედან გამომდინარე, საჭიროა და ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე ეკონომიკურ მოდელს თამაშის ისეთი წესებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
მამუკა ბახტაძემ ყურადღება მთავრობის პრიორიტეტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდთან ერთად იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რეფორმების მოკლე ვადაში განხორციელებაზე.
„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის ჩვენი პრიორიტეტები ყველა მიმართულებით, როგორიც არის – ეკონომიკური რეფორმები, სასამართლო სისტემა, შსს, თავდაცვის მიმართულება, ჩვენი საგარეო პრიორიტეტები, განათლება, სპორტი, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად, ისე, რომ მოსახლეობა ამას გრძნობდეს ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იმ გუნდთან ერთად რომელიც წარმოვადგინე მე ავიღებ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ყველა ის რეფორმა განხორციელდება, რომელიც მოცემულია ჩვენს პროგრამაში და ამ რეფორმების უმრავლესობა დაინერგება ძალიან მოკლე ვადაში. რა თქმა უნდა, ცალკე რეფორმა და მიმართულება არის განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც იქნება გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ განხორციელდება ძალიან მოკლე ვადებში. თითოეული დღე ჩვენი მუშაობის მიძღვნილი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდეს და გავუმკლავდეთ იმ ძირითად გამოწვევებს, რაც გვაქვს ქვეყანაში,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
აგრეთვე, პრემიერმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის იმ წევრებს, რომლებიც 24-საათის განმავლობაში ქვეყნის სამსახურში იდგნენ.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენი კაბინეტის ყველა წევრს, ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც მართლაც 24-საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. თითოეული მათგანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის განუყოფელი ნაწილი და ისინი განაგრძობენ საქმიანობას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ახალ მინისტრთა კაბინეტში ჩვენ გვეყოლება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი. ვფიქრობ, რომ ეს არის ხარისხობრივად ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რომელსაც „ქართული ოცნება” აპირებს,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა უმრავლესობის წევრებისთვის სიტყვით მიმართვისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ძალიან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს პარლამენტთან.
„ჩვენ ვართ და ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას, ეს არის ჩვენი პარტიის ფილოსოფია და თქვენ იცით ჩემი განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ პარლამენტთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და ამ რეფორმების განხორციელებასა და დანერგვას რეალურ ცხოვრებაში სჭირდება თქვენთან აქტიური კომუნიკაცია. მე, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი ბუნებრივია ვიქნები ორიენტირებული ამაზე. კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, იმ ხედვით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, აუცილებლად გავუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ 2020 წლის არჩევნებს, ისევე როგორც 2019 წლის არჩევნებს, შევხვდებით ძალიან ღირსეულად, კონკრეტული შედეგებით ჩვენი მოსახლეობისთვის,”- მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს უმრავლესობის სხდომაზე.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.