რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ქართული ფილმები ეროვნულ არქივში იქნება დაცული

საქართველოს „გოსფილმოფონდმა“ ოთხი ქართული ფილმის ასლები გადმოსცა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივში შეინახება. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლები გადმოეცა. ესენია: ლეო ესაკიას „ჰოლტზე“ და „ამერიკანკა“; ნუცა ღოღობერიძის „ნუცა“ და მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელი საათი“.
აღნიშნული ოთხი ფილმის გადმოცემით იწყება რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი. პროექტის თანახმად, რუსეთის ფილმსაცავში დაცული 1921-1991 წლებში შექმნილი ქართული ფილმების ასლები დამზადდება და საქართველოს გადმოეცემა. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის, „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა 2014 წლის 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი. სამომავლოდ ფილმებს ციფრულ ფორმატში გადაიტანენ.
ინიციატივა ფილმების ქართული მხარისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე − 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა, ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ძალისხმევისა და მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

Visited 163 times, 1 visit(s) today