საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი Brave Kids (მამაცი ბავშვები) ბორჯომშია. პოლონელი, ირანელი, ებრაელი და ქართველი ახალგაზრდები საფესტივალო დღეების განმავლობაში დაბა წაღვერში სანატორიუმ „კეჩხობში“ დაბინავდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.
თანატოლები ერთმანეთს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს გააცნობენ, მოაწყობენ პრეზენტაციებს, დაათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში საქართველოდან უცხოელ თანატოლებს შეუერთდებიან დაბა წაღვერის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „შევარდენისა“ და დაბა ადგიგენიდან ანსამბლ „ზარზმა“-ს წევრები.
21 აგვისტოს, ფესტივალის მონაწილეები საკუთარი ქვეყნების ცეკვისა და სიმღერის ნომრებით ბორჯომში, ცენტრალური პარკის კინოთეატრის დარბაზში წარსდგებიან.
28 აგვისტოს კი ფესტივალის დახურვა ქალაქ ახალციხეში მესხეთის თეატრში მოხდება. მონაწილეები ამჯერად ერთმანეთის ქვეყნების კულტურის ჩვენებას შეეცდებიან.
ფესტივალის მიზანს ახალგაზრდების გაცნობა, ერთმანეთთან დაახლოება და საკუთარი კულტურის გაზიარება წარმოადგენს.