საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცნაური და გაუგებარია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასთვის სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცნაური და გაუგებარია.
ეკა ბესელიას მიაჩნია რომ ამ რეფორმას, რომელიც ისედაც შეფერხებული იყო, ვინაიდან კონსენსუსის მიღწევა გართულდა, პრეზიდენტის ვეტო კიდევ უფრო შეაფერხებს.
„სასამართლო რეფორმის მესამე ტალღად წოდებულ ამ რეფორმას, ძალიან დიდი ხანია, ელოდება თავად საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი მოწოდებით გვეუბნებოდნენ, დროულად ამოქმედებულიყო ეს რეფორმა. ამიტომ ჩემთვის არის გასაკვირი და გაუგებარი [პრეზიდენტის გადაწყვეტილება], ვინაიდან ვეტომ კიდევ უფრო შეაფერხა ამ რეფორმის ამოქმედება. იმ ფონზე, როდესაც დიდი მოლოდინია რეფორმის ამოქმედების, სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უცნაურია. ამავე დროს, რეფორმის მიზანია, მართლმსაჯულება გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი, მოსამართლეებს შეექმნათ დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები და საქართველოში დემოკრატიულ პროცესს, ადამიანის უფლებების კუთხით მართლმსაჯულების გაძლიერებას შეექმნას საკანონმდებლო ბაზა. ეს არის რეფორმის ამოცანა და მიზანი და ჩვენ ამ მიზნის ირგვლივ ვიქნებით გაერთიანებულები შემდეგი გადაწყვეტილების დროსაც“, – აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს, ვიდრე ის პარლამენტს არ გადაეგზავნება. ბესელიას თქმით, კომიტეტში შინაარსობრივი განხილვის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტი დაძლევს ვეტოს თუ სხვა პოზიცია ექნება.

Visited 122 times, 1 visit(s) today