საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი ორპალატიანი პარლამენტის შემოღების საკითხზე მსჯელობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებისა და კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ამოქმედების საკითხზე მსჯელობს. დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ორპალატიანი პარლამენტის შექმნა იქნება გზავნილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის, რომ მათ საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობა ექნებათ. ჯონი ხეცურიანის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დასვა, თავად ხეცურიანს განსხვავებული პოზიცია გააჩნია.

”ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედება დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან, იურისდიქციის აღდგენასთან და ა.შ. პირადად მე და კომისიის სხვა წევრები ვფიქრობთ, რომ ორპალატიანი პარლამენტის შემოღებით უნდა გადაწყდეს რაიმე საკითხი – იგივე ტერიტორიული მოწყობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოვიღებთ ინსტიტუციას, რომელიც მხოლოდ საქმეს გაართულებს”, – განაცხადა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის ადგილსამყოფელს და კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს. ხეცურიანის განცხადებით, აღინიშნა, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში, რადგან მთავრობასა და პარლამენტს შორის არის ყოველდღიური ურთიერთობა და მთავრობაც და პარლამენტიც თბილისში უნდა იყოს.

Visited 200 times, 1 visit(s) today