საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წევრებს და მოწვეულ სტუმრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
სხდომაზე თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა ცალკეული კატეგორიებისათვის შეღავათიანი მგზავრობის წესში ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებების შესახებ საკითხი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინა.
ახალი წესის თანახმად, მოსწავლეებისთვის განკუთვნილ უფასო სამგზავრო ბარათებს უსაფრთხოების დამატებითი საშუალებები ექნებათ. კერძოდ, მშობლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეეძლებათ ბავშვთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე, ახალი წესით შესაძლებელი იქნება ბარათების რაოდენობის კონტროლი და შესაბამისად ბიუჯეტის რაციონალური და მიზნობრივი ხარჯვა. შესაბამის სამსახურს კი შესაძლებლობას მიეცემა, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა თანხვედრაში იყოს გაცემული ბარათების რაოდენობასთან.
გარდა ამისა, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2016 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს, რომელიც სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა.
სამსახურის უფროსმა ისაუბრა საქალაქო სამსახურის მიერ ბიუჯეტის ათვისებაზე, განხორციელებულ ღონისძიებებზე, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე და სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრზე.
ირაკლი გვილავამ აღნიშნა, რომ I კვარტალში განხორციელდა საქალაქო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ებისა და სსიპ-ების კადრების გადამზადება და პროცესი II კვარტალშიც გაგრძელდება.
ანგარიშის მეორე ნაწილში ყურადღება დაეთმო საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელ გეგმებს, მათ შორის ახალ პროექტებს „სამეცნიერო პროგრამების პროექტების პროგრამა და დაფინანსება“ და „საერთაშორისო მოკლევადიანი სასწავლო კურსების დაფინანსება“.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და მომდევნო კვირაში განათლებისა და კულტურის კომისია დეტალურად განიხილავს საქალაქო სამსახურის მიერ პროექტების განხორციელების ერთიან წესს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა მომხსენებლებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

Visited 124 times, 1 visit(s) today