სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აქცია “გაამწვანე უდაბნოს” ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ-ეროვნული საშენი მეურნეობის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.

როგორც prof-news-ს სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ უდაბნოსთან ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, სამ რიგად დაირგო თუთის ხის ნერგები. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და სტუდენტები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ეროვნული საშენი მეურნეობის თანამშრომლები. მონაწილეებს შეხვდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. მან მადლიერებით აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წვლილი ბუნების დაცვით ღონისძიებებში.

თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი უკვე კარგა ხანია, მეგობრობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. გამწვანება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა და ამ საქმეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება საიმედო მხარდამჭერი.

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, გიორგი საღინაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელობა და ჯანმრთელი გარემო განუყოფელი ცნებებია და მომავალი მედიკოსებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება გარემოზე ზრუნვა.

Visited 160 times, 1 visit(s) today