სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება. ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.
რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა.

Visited 1 175 times, 1 visit(s) today