საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრები: გიორგი კახიანი და დიმიტრი ცქიტიშვილი ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობას და განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების მიმართულებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხელისუფლების მთავარ საგარეო მიმართულებასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და ის მიღწევები გააცნო სტუმრებს, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.
არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ შევხვდით ლიტვის საპარლამენტო დელეგაციას. ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი გეგმა და პრიორიტეტი არის ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაახლოვება. ჩვენ გვაქვს ხელშესახები მიღწევები, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ევროპასთან. ასევე, გაზრდილია ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა. ჩვენს კოლეგებთან განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საერთაშორისო-ეკონომიკური და საერთაშორისო – სამართლებრივი უსაფრთხოების სფეროებში“.