როდესაც რეფორმების კურსს ვირჩევთ, ბოლომდე რეფორმის პრინციპების ერთგული უნდა დავრჩეთ და ამ გზიდან სერიოზული გადახვევა არ უნდა მოხდეს, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, თუმცა მისივე განმარტებით, არ იყო კარგი გადაწყვეტილება საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის 2018 წლამდე გადავადება და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის სისტემის შენარჩუნება. დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება ტრაგედია არ არის და ეს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.
„პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სრულყოფილი კომენტარის გაკეთებას მას შემდეგ შევძლებთ, რაც პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს გავეცნობით. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის მთავარი მიღწევა არის საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების სისტემაში გაზომვადი კრიტერიუმების შემოღება. ეს ორი ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა გადავადებულია საქმეების ელექტრონული განაწილების წესის ამოქმედება, გარდა ამისა, სასამართლოს თავმჯდომარეების კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის სისტემის შენარჩუნებით რეფორმას ჩრდილი მიადგა. ეს მე არ მომწონდა, რაზეც საკუთარ პოზიციას საჯაროდ ვაფიქსირებდი, როცა ვამბობდი, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები უნდა ავირჩიოთ ან კენჭისყრით, ან წილისყრის გზით, ხოლო დანიშვნის პრაქტიკაზე უარი ვთქვათ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.