სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ცენტრის პერსონალს კი, ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა.
აღჭურვილობის გადაცემისა და სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე დაესწრნენ.
20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი რაიონულ ცენტრებში განაწილდება. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, ჟანგბადის პორტატული ბალონები და სხვა აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება.
კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება.