საქართველოს და ფინეთის პრეზიდენტებმა ჰიბრიდული საფრთხეებთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საული ნიინისტოს ვიზიტი საქართველოში არა მარტო პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნისათვის ამ განსაკუთრებულ თარიღს, არამედ ხაზს უსვამს საქართველოსა და ფინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ ერთხელ პრეზიდენტების შეხვედრისას მხარეებს შორის დისკუსიის თემა გახდა.
ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას და დევნილთა გაეროს რეზოლუციას – სწორედ ამ პოზიციისათვის საქართველოს პრეზიდენტმა საული ნიინისტოს მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო და ფინეთი დაკავშირებულნი არიან საერთო ინტერესებით, რაც ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ტურიზმის განვითარებას და უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება. ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

Visited 167 times, 1 visit(s) today