საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, 40 დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა – ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში, ამიტომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში 40 დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასამბლეა შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის.

„ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ეს სესია საქართველოსთვის არის ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების ლოგიკური გაგრძელება. ამიტომ მჯერა, რომ აღნიშნული სესიის საქართველოში ჩატარება ჩვენს საუკუნოვან თანამშრომლობას დადებით მუხტს შესძენს და ახალგაზრდებში ფრანგულ ენას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. საქართველოს პარლამენტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა, თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება.

„მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა. თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ყველასთვის ნათელია, რომ დამოუკიდებლობა და მშვიდობა აღარ არის უზრუნველი მოცემულობა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის, ევროკავშირის და ნატოს მტკიცე პარტნიორის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის როლს და მნიშვნელობას.

„ფრანკოფონიის სამყაროსთან ჩვენი კავშირების განმტკიცება ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. უსაფრთხოების გარდა, თანამედროვე მსოფლიო ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, სხვადასხვა ტიპის უთანასწორობა და მრავალი სხვა. ეს ისეთი გამოწვევებია, რომლებთან გასამკლავებლადაც ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ამ მხრივ უნიკალური და ეფექტიანი ორგანიზაციაა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს პარლამენტი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და მის წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მოწადინებულები ვართ, გავაღრმავოთ საპარლამენტო თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ხალხთაშორისი კავშირები როგორც კულტურის, ისე განათლების, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ პლენარულ სესიაზე ოფიციალურად გავხდებით ასამბლეის ასოცირებული წევრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, თბილისში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა. სესიას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, ასევე, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

Visited 17 times, 1 visit(s) today