„საქართველოს პატრიოტების“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა სასამართლო სისტემასა და მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ ვითარებიდან გამოსვლის გზები დასახეს.

„განვიხილეთ, თუ რამდენად მანკიერია დღეს მოსამართლეთა შერჩევის წესი. გავაცანით ჩვენი ხედვა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბჭოს უნდა წაერთვას მოსამართლეთა შერჩევის ფუნქცია. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი მოსამართლის ნათესავი მუშაობს სასამართლო სისტემაში, რაც თავისთავად ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და მსგავს ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში იმ მოსამართლეების ადგილი არ არის, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და მით უფრო გაუმართლებელია მათი უვადოდ დანიშვნა: „პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლების ერთი ნაწილი მფარველობს კლანურ სისტემას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ამ მოსამართლეებს, რომლებიც ადეიშვილის დავალებას ასრულებდნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. იმ მოსამართლეებს, ვინც მორალურ პრინციპებზე უარს ამბობდა, სასამართლო სისტემაში არაფერი ესაქმებათ“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

„საქართველოს პატრიოტები“ სასამართლო სისტემასა და მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრებს სხვადასხვა სტრუქტურების და ორგანიზაციების წარმომადგენელებთან მომავალშიც გააგრძელებენ.

Visited 79 times, 1 visit(s) today