საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლის შემდეგ დებატების მოთხოვნით პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლის შემდეგ დებატების მოთხოვნით პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა შეაწყვეტინა და დეპუტატების მიერ გამოთქმულ პოზიციასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის.

„ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს და არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ თუ რაიმე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით საშუალება, დისკუსიაში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან.
მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მის საპარლამენტო გამოსვლამდე არაერთხელ იყო დაანონსებული დებატების ფორმატი, თუმცა დღეს არ აქვს დეპუტატებთან საუბრის და დებატების შესაძლებლობა.

“ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არსად არ წერია რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა დავბრუნდები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინიცირებით გამართული კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტმა პრეზიდენტს დებატებში შესვლის საშუალება არ მიესცა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

“ის, რომ დღეს იქნებოდა დებატების ფორმატი, ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში საუბრობდნენ. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, მათდამი პატივისცემითაა განპირობებული.
შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატისა. მე მინდოდა დეპუტატებთან მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და მერე უკვე შევეცდები, რომ ბუნებრივად ამას პასუხები საზოგადებისათვის გავცე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Visited 193 times, 1 visit(s) today