ბორჯომში, ევროპის საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენციამ „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“ მუშაობა დაიწყო.
საერთაშორისო კონფერენცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ეკა ბესელიამ გახსნა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ფორუმს, რომელიც ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში ეროვნული პარლამენტების როლს და მათ შორის, საქართველოს პარლამენტის როლს ეხება.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვამზადეთ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა კანონში ასახა. ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოს პარლამენტის ძირითად კანონში, მოქმედ რეგლამენტში ახალი რეგულაციები, რომელიც 2016 წლის ბოლოს მივიღეთ. ცვლილებების ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტი იყო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ჩვენ უკვე ჩავწერეთ, რომ პარლამენტი ახორციელებს აქტიურ საზედამხედველო ფუნქციას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესზე. ამ ახალი სტანდარტების ამოქმედება დავიწყეთ ახალი მოწვევის პარლამენტში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ კონფერენციის გახსნისას.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ კარგი გამოცდილებას გაცნობა, რომელიც რამდენიმე ევროპულ ქვეყანას აქვს.
„დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენ ახალ ჭრილში დავინახოთ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში როგორი უნდა იყოს ეროვნული პარლამენტის როლი და ერთად მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლატვიის პარლამენტის წევრმა, ბორის სილევიჩმა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, ქრისტიან ურსემ მიმართავეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული საერთო სასამართლოების სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემისთვის.
„მინდა წარმატება ვუსურვო ამ შეხვედრას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, ქართული საერთო სასამართლოების სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემისთვის, ვინაიდან ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, პრეცედენტული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მათი გამოყენება ეროვნული სამართალწარმოების დონეზე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მართლმსაჯულების სტრატეგიისა და მომავალი სამოქმედო ხუთწლიანი გეგმის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს“,-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არსს ეხმიანება, ხშირად იყენებს რა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმის ინტერპრეტაციის პროცესში.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას“,-განაცხადა ზაზა თავაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარის, ლატვიის პარლამენტის წევრის, ბორის სილევიჩის შეფასებით საკითხი, რომელსაც დღეს იხილავენ კონფერენციაზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ევროპული ქვეყნის პარლამენტისთვის. მისივე თქმით, ეროვნული პარლამენტები უდიდეს როლს ასრულებენ კონვენციის აღსრულებაში.
„საქართველომ საგულისხმო შედეგებს მიაღწია ეროვნულ დონეზე კონვენციის აღსრულების თვალსაზრისით და ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც იმის დასტურია, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი მიღწევების მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ბორის სილევიჩმა.
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, ქრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის თბილისის ოფისს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტთან. მისივე თქმით, აღნიშნული საპარლამენტო კომიტეტები ყველაფერს აკეთებენ მათი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რათა მოხდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობა. „რა თქმა უნდა, კიდევ შეგვიძლია დამატებითი მუხტი შევძინოთ ჩვენს თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს მისი კიდევ უფრო მეტი კონსოლიდირება და განმტკიცება“,-განაცხადა ქრისტიან ურსემ.
თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონფერენციის ფარგლებში უხელმძღვანელებს სესიას -„ეროვნული პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციაში“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის რეფორმას გააცნობს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს მოიცავს.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები და ექსპერტები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით საქართველოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციის კუთხით ლიდერი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით და ჩვენი კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება. საპარლმენტო კონტროლის და საპარლამენტო მექანიზების გაძლიერება ევროპულ კონვენციის აღსრულების კუთხით და მისი გამოყენება სასამართლო სისტემაში ეს არის ის თემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. საქართველო რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არის ლიდერი ქვეყანა, რომელმაც იმპლემენტაცია მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების, მათ შორის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. ჩვენ ვართ ძალიან წარმატებული მაგალითი, თუ როგორ მოხდა საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფად მიღება და ამ იდეის მხარდაჭერა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას
17/03/2017