საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, კენ ვოლაკთან და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, უილიამ სვენისთან გამართა.
შეხვედრებისას, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, ცალსახად ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში.
თამარ ჩუგოშვილი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ასევე „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლებთან. ცალსახად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი პროგრესი და მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში. გვაქვს ცალსახა მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაციის მხრიდან.”

Visited 127 times, 1 visit(s) today