საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. ამის შესახებ მან ნატო-ს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ვარშავაში გამართულ საექსპორტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან როგორც მჭიდრო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს, ეს კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ ვმუშაობთ მასთან და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას მოახდინონ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და მოვიდეს ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში. ბოლო სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი და მას შემდეგ, ამ პაკეტის შესრულებაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავაგზავნეთ მრჩევლები და ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით. ეს არის ძლიერი, მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, თუ როგორ ვავითარებთ თანამშრომლობას და როგორ ვუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების რომელი კავშირის წევრობა სურს. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება არის დასტური იმისა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება.

„თუ საქართველო, უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება იქნება მისაღები მხოლოდ ამ ქვეყნის და ალიანსის წევრების მიერ. არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს უფლება გვიკარნახოს, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Visited 112 times, 1 visit(s) today