საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი სხდომა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. საბჭო ჯანდაცვის რეფორმებზე მსჯელობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობისთვის შეიქმნა და სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულებების, სამთავრობო უწყებებისა და სფეროს სხვა სპეციალისტებისგან შედგება. საბჭოს წევრებმა ჯანდაცვის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და მოსაზრებებს.
„ჩვენ გამოვყავით ორი კრიტიკული საკითხი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და გადაუდებელ დახმარებას, რეანიმაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევთავაზეთ, რომ მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და შესაბამისად ანაზღაურება, რაც იქნება გამონაკლისის სახით და კომისიური წესით წარიმართება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საბჭოს წევრებს, სელექტიური კონტრაქტირების პირობები გააცნო, რომელიც დიდ ქალაქებში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, თამარ გაბუნიას თქმით, კარდიოქირურგიის სერვისებისთვის ახალი სანებართვო პირობებია მომზადებული და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა ეტაპობრივად მოხდება. საბჭოზე პირველად წარსდგა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გრძელვადიან დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მომზადების პროცესში.
დღესვე შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფები, პირველ რიგში კარდიოქირურგიის და რეანიმაციის მიმართულებით, რომლებიც მუშაობას ფასწარმოქმნის და პროფესიული სტანდარტების მომზადებაზე გააგრძელებენ.