საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის საკითხებს შეეხო, რომელსაც გამგებლის მოადგილეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.
მალხაზ ბაზაძემ წარმომადგენლებთან ერთად თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ქაოტური ნაგავსაყრელები აღნუსხა და შესაბამის სამსახურებთან ერთად ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშავა – რაც დამატებითი ტექნიკის და ურნების მობილიზებას, ასევე საჯარო მოხელეების, ორგანიზაციების – მათ შორის საჯარო სკოლების – და მოსახლეობის ჩართულობით პერმანენტულ დასუფთავების აქციებს გულისხმობს.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს ს. სარეკში განთავსებული თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი ემსახურება – რომლის განახლებაც 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, კეთილმოწყობის სამსახური სამი ერთეული მძიმე ტექნიკით სარგებლობს, მათ შორის 2015 წ გამოშვებული თანამედროვე სტანდარტების მქონე გერმანული წარმოების ნაგავმზიდით.
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებულია 300 ერთეული ურნა შერეული ნარჩენებისთვის, ხოლო პლასტმასის ნარჩენებისთვის 15 ერთეული სპეციალური კონტეინერი, აღნიშნული კონტეინერების მხრივ საჩხერე იმერეთის მხარეში ნოვატორია.
2015 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების 12 აქცია გაიმართა, ხოლო 2016 წელს – 44 აქცია. მიმდინარე წელს აქციების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. ასევე, გამგებლის ინიციატივით დაიბეჭდა სპეციალური სტიკერები და გადაღებულ იქნა სტელევიზიო რეკლამები, რომლებიც მოსახლეობას სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს.