სოფელ მუხრანაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გვარდება

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში, სოფელ რატევანსა და მუხრანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მონიტორინგის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ რატევანში საჯარო სკოლისა და ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. სასწავლო დაწესებულებაში გამოიცვალა სახურავი და კარ-ფანჯარა, ამ ეტაპზე კი ადაპტირებული სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს.
სოფელ მუხრანაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გვარდება. საჯარო სკოლას მალე განახლებული სველი წერტილები ექნება.
ზვიად ჭუნაშვილი, დავით შერაზადიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე ლადო ასათიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს შორის ჩამომავალი სანიაღვრე ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. ობიექტზე ბეტონის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები 26 ოქტომბერს დასრულდება.

Visited 122 times, 1 visit(s) today