ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა. ეს პირველი ცენტრია საქართველოში, რომელიც ერთდროულად 4000-მდე საქონლის მიღებას შეძლებს. პროექტის ინვესტიცია 10 მილიონ ლარს შეადგენს. ლოგისტიკური ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით. ცენტრში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საქონლის პირველ ნაკადს კი დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ. პროექტს „აგრო პრაიმი“ ახორციელებს, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა არის ყაზახეთი. ლოგისტიკური ცენტრი შეცვლის და მაღალ საფეხურზე აიყვანს მეცხოველეობის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით, სადაც მოხდება ცხოველების ჩამოტვირთვა და ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანა. შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნა.
„ჩვენი სამომავლო გეგმა ასევე უკავშირდება მნიშვნელოვან საკითხს, ლოგისტიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ფერმერი მიიღებს კონსულტაციას, როგორ უნდა შექმნას და მართოს ფერმა, როგორ მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია. კონსულტაციას კი გაუწევენ პროფესიონალი ავსტრალიელი და ქართველი ვეტერინარები“ – განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მესაქონლეობის კავშირის პრეზიდენტი, პარტნიორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან, ასევე, სხვა მოწვეული სტუმრები.