დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 358-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად აღინიშნა. ქართველი მეიგავის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში 12 ნოემბერს დილიდან საზეიმო განწყობა სუფევდა. ულამაზესად მორთული ეზოს ყველა კუთხე სხვადასხვა აქტივობისათვის მოეწყო. მოსულ სტუმრებს სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მიერ წარმოდგენილი გამოფენა დახვდათ. პარალელურად გამოიფინა ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებიც. პატარების განწყობაზე ბოლნისის თოჯინების თეატრმა იზრუნა. საზეიმო პროგრამა მრავალფეროვანი იყო სხვადასხვა ფოლკლორული და თეატრალური წარმოდგენებით. რეჟისორ ლაშა ნოზაძის მიერ დადგმულმა თეატრალიზებულმა წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა საზოგადოებას სულხან-საბა ორბელიანის მიერ განვლილი გზა შეახსენა. საბაობის დღესასწაულზე გაიმართა დეკანოზი ბასილ ახვლედიანის კლიპის პრეზენტაციაც, რომელიც მის მიერვე დაწერილ ბოლნისის ჰიმნზე გადაიღეს. მუზეუმის ეზოში მდებარე სცენა ბოლნისის სხვადასხვა სკოლების აღსაზრდელებმა და კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა დაამშვენეს. კულტურული ღონისძების პარალელურად სპორტული აქტივობებიც გაიმართა. პროგრამის ფარგლებში სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა- გაყიდვა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია შეეძლოთ. ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში ტრადიციულად აღევლინა სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. საბაობისადმი მიძღვნილი საზეიმო პროგრამა თანამედროვე ფოლკლორული ჯგუფი ,,ურსა”-ს კონცერტით დაგვირგვინდა.