იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში დილიდანვე შეიკრიბა შტაბი და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და იმ კომპანიებთან ერთად სამუშაოს განაწილება, რომლებმაც უნდა დაიწყონ ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობის მიზნით ქუთაისში, რამდენიმე ობიექტზე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და სამინისტროს წარმომადგენლები გავიდნენ.
პირველ ეტაპზე იქ სადაც დაზიანების ხარისხი არ საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი სამუშაოები განახორციელეს. რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს გადაეცა გადახურვისთვის საჭირო მასალა და შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და გაწმენდილია ის ტერიტორიები, სადაც ხეები იყო წაქცეული. საგანგებო შტაბები მუშაობას აქტიურად აგრძელებენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.